
არსებული პრობლემები: სტრატეგიული და ინსტიტუციური დონე:
ქვეყნის თავდაცვის სისტემის მშენებლობა ვერ იქცა გრძელვადიანი პოლიტიკური კონსენსუსის საგნად. თავდაცვის მოდელის, მისი მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ არასდროს ყოფილა ფართო საზოგადოებრივი დისკუსიები და გრძლევადიანი ხედვის ჩამოყალიბების მცდელობა. შესაბამისად, თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-თან მიმართებით ზრდის საკითხი არ წარმოადგენს ფართო კონსენსუსის საგანს და არ შეესაბამება საქართველოს უსაფრთხოების დაცვის საუკეთესო ინტერესებს. ის არ აკმაყოფილებს არც ნატოს სტანდარტს.
პრობლემად რჩება სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების არსებული პოსტ-საბჭოთა მოდელი, რომელიც ეფუძნება ოფიცერთა კონტროლს და არა თანამონაწილეობით მართვას. კონტროლის პრიმატის პირობებში, არ არსებობს ნდობა ოფიცერთა კლასსა და პოლიტიკოსებს შორის. შესაბამისად, პოლიტიკოსები თავდაცვის ძალებს მართავენ არა გენერალურ შტაბთან თანამშრომლობით, არამედ გენერალური ინსპექციის, სამხედრო პოლიციისა და სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტების მეშვეობით.
ეროვნული თავდაცვა არ შეიძლება იყოს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, მისი მინისტრის, გენერალური შტაბის საზრუნავი. მათ სჭირდებათ მოკავშირეები, როგორც პოლიტიკურ კლასში, ისე საზოგადეობაში. ამ მიზნით, გასაძლიერებელია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტებისა და თავდაცვის თემის (ანალიტიკური ორგანიზაციები, მედია, ექსპერტები, მოხალისეები) კავშირები.
„ქართულმა ოცნებამ“ თავდაცვის სისტემა შესაბამისი კონცეპტუალური ჩარჩოს გარეშე დატოვა. შესამუშავებელი და დასამტკიცებელია ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენეტები და ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა.
მიუხედავად არსებული მექანიზმებისა, ვერ მოხერხდა კრიზისისა და ომის მართვის იმგვარი სისტემის შექმნა, რომელიც სისტემატურად მოახდენს გადაწყვეტილების მიმღებთა ტრენინგს, მათი სამეთაურო-საშტაბო ვარჯიშებისა და სხვადასხვა ტიპის სიმულაციურ სწავლებებში ჩართვის გზით.
ვერ გამოიძებნა ძალთა სტრუქტურის იმგვარი მოდელი, რომელიც პროფესიულ არმიასთან ერთად უზრუნველყოფდა „მოქალაქე უნიფორმაში“ მოდელის განხორციელებას. ამ მიზნით არსებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოდელი ვერ აღმოჩნდა ხიდი მოქალაქეებსა და თავდაცვის ძალებს შორის, მისი ობიექტური ნაკლოვანებების გამო.
ვერ ჩამოყალიბდა სამოქალაქო თავდაცვის (civil preparedness) სისტემა, რომელიც მოქალაქეთა ფიზიკური უსაფრთხოების ღონისძიებების გარდა, უნდა გულისხმობდეს მედეგობის გაუმჯობესებას.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეწყვიტა არა მხოლოდ ნატოსთან პოლიტიკური დიალოგის, არამედ პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები. უსაფრთხოების სფეროში ყოვლისმომცევლი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში, ნატო-სქართველოს არსებითი პაკეტის სხვადასხვა პროექტიდან დახმარებას წყვეტენ წამყვანი პარტნიორი სახელმწიფოები.
საქართველო რჩება შეკავების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმის, საერთაშორისო სწავლებების გარეშე, რაც არსებითად ასუსტებს, როგორც თავდაცვის მზადყოფნას, ისე თავდაცვის ძალების თავსებადობის მექანიზმებს პარტნიორ ქვეყნებთან.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, პირველად 2002 წლის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის ძალები რჩება უსაფრთხოების სფეროში ამერიკული დახმარების გარეშე. ეს ართულებს, როგორც სტრატეგიული დაგეგმვის, ისე ძალთა გენერაციის და წვრთნისა და აღჭურვის საკითხებს.