ლუსტრაციის კანონპროექტი

თავი I. ზოგადი დებულებები 

მუხლი 1. კანონის მიზანი 

1. ამ კანონის მიზანია საქართველოს მოქალაქეების უფლება-თავისუფლებების დაცვა, დემოკრატიული სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცება და სამართლიანობის აღდგენა, საბჭოთა ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის (1921-1991 წწ.) მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენისა და შეფასების გზით. 

2. ამ კანონის მიზანია დადგინდეს ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სამსახურებთან, მათთან გათანაბრებულ ორგანოებთან, აგრეთვე კომუნისტურ პარტიასთან და მასთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფაქტები და დაწესდეს შესაბამისი შეზღუდვები საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთათვის, ასევე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს რეალური დოკუმენტაცია, რაც მიეკუთვნება საქართველოს უახლეს ისტორიას. ამავდროულად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესია ამ კანონის გამოყენება არ მოხდეს პოლიტიკური დევნის იარაღად.  

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 

1. ლუსტრაცია – ადმინისტრაციული წარმოება და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს იმ პირთა იდენტიფიცირებას და შეფასებას,  რომლებიც თანამშრომლობდნენ საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმთან ან მის უშიშროების ორგანოებთან, და მათთვის გარკვეული თანამდებობების დაკავების შეზღუდვას. 

2. ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმი – საქართველოს ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1991 წლის 9 აპრილამდე მოქმედი არადემოკრატიული,  ადამიანის უფლებების უხეშად დამრღვევი მმართველობის სისტემა.  

3. თანამშრომლობა – საიდუმლო ან აშკარა მოქმედება, რომელიც მიმართული იყო ტოტალიტარული რეჟიმის ინტერესების მომსახურებაზე, მათ შორის,  ინფორმაციის მიწოდება, პროპაგანდის დაგეგმვა და მართვა, რეპრესიული ზომების გატარება, თუ ეს არ იყო განპირობებული პირის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის უშუალო საფრთხით. 

4. სახელმწიფო უშიშროების ორგანოები – ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, მისი წინამორბედი და შვილობილი ორგანიზაციები. 5. კომუნისტური პარტია – საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, საქართველოს კომუნისტური პარტია და მათი შემადგენელი ნაწილები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ტოტალიტარული რეჟიმის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ფუნქციონირებას. 

6. საჯარო სამსახური – საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახელმწიფო და მუნიციპალური დაწესებულება, ორგანო და თანამდებობა, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ: აღმასრულებელი,  საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება, სამართალდამცავი ორგანოები,  თავდაცვის ძალები, საგანმანათლებლო და კულტურის სფერო, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მაუწყებლები და ა.შ.

თავი II. ლუსტრაციის პროცესი  

მუხლი 3. ლუსტრაციის ორგანო  

1. ამ კანონის მიზნებისთვის, საქართველოს პარლამენტი ქმნის დამოუკიდებელ,  აპოლიტიკურ ორგანოს – „ეროვნული მეხსიერების საბჭო“ (შემდგომში – საბჭო). 2. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთაც ნიშნავს საქართველოს პარლამენტი.  

საბჭო კომპლექტდება მაღალი რეპუტაციისა და კომპეტენტურობის მქონე პირთაგან, კერძოდ საბჭოს შემადგენლობაში შედის საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული სამი პარლამენტის წევრი, რომელთაგანაც არანაკლებ ერთი უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელსაც წარადგენს იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელსაც წარადგენს შინაგან საქმეთა მინისტრი,  უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელთა წარდგენასაც ახორციელებს  

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ორი საზოგადოების წარმომადგენელისგან სახალხო დამცველის წარდგინებით და ერთი წევრის წარდგენას ახორციელებს სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.  

3. საბჭოს ფუნქციებია: ა) ყოფილი საბჭოთა უშიშროების ორგანოების, კომუნისტური პარტიის და სხვა ტოტალიტარული ორგანიზაციების არქივების შესწავლა,  გაანალიზება და კლასიფიცირება. ბ) პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც თანამშრომლობდნენ აღნიშნულ ორგანოებთან, მოხალისეობრივად ან იძულებით.  გ) დასკვნების მომზადება კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით და მათი საჯაროობა (კანონით დადგენილი წესით). დ) ტოტალიტარული წარსულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. დ) ისტორიული ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებაში ღია დისკუსიების წახალისება და ტოტალიტარული წარსულის შეფასება. 

4. საბჭოს მუშაობის რეგლამენტს შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნული მეხსიერების საბჭო სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით. 

5. საბჭო ლუსტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით. 

მუხლი 4. საარქივო მასალების ხელმისაწვდომობა 

1. საქართველოს ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო და სხვა,  ვალდებულია „ეროვნული მეხსიერების საბჭოს“ გადასცეს ან სრულად გაუხსნას ხელმისაწვდომობა ყველა საარქივო მასალაზე, რომელიც დაკავშირებულია საბჭოთა უშიშროების ორგანოებთან, კომუნისტურ პარტიასთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან. 

2. საარქივო მასალების განადგურება ან მიჩქმალვა ისჯება კანონით. 3. საბჭოს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სხვა ქვეყნების შესაბამისი უწყებებიდან, საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე. 4. საბჭოს მიერ განხორციელდება არსებული არქივების სრული ინვენტარიზაცია,  ციფრული კოპირება და მათი უსაფრთხო შენახვა, რათა თავიდან იქნას აცილებული მასალების განადგურება ან მიჩქმალვა. საჯარო ნაწილის ციფრული ხელმისაწვდომობამ ხელი უნდა შეუწყოს პროცესის გამჭვირვალობას. 

მუხლი 5. ლუსტრაციის პროცედურა 

1. ლუსტრაციის პროცედურა ვრცელდება: 

1.1 იმ დასაქმებულ, ან დასაქმების მსურველ პირებზე, რომელთაც უკავიათ ან ინიშნებიან/ირჩევიან ამ კანონით გათვალისწინებულ თანამდებობებზე. 1.2 იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ან/და კონკურსებში, ასევე იმ პირებზე,  რომლებიც არიან იმ იურიდიული პირების დამფუძნებლები ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ან/და კონკურსებში.  

2. 1977 წლამდე დაბადებული ყოველი პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა ამ კანონით გათვალისწინებულ, ლუსტრაციის პროცესს დაქვემდებარებულ თანამდებობაზე, ან მიეკუთვნება ამ კანონის მე-5 მუხლის 1.2 პუნქტში მითითებულ პირთა წრეს, ვალდებულია მიმართოს საბჭოს და გაიაროს ლუსტრაციის პროცესი. 

3. საბჭო უფლებამოსილია შეამოწმოს ნებისმიერი საჯარო მოხელის ან საჯარო თანამდებობაზე არჩევითი კანდიდატის მონაცემები საარქივო მასალებზე დაყრდნობით. 

4. შემოწმებისას, თუ გამოვლინდა თანამშრომლობის ფაქტი, საბჭო უფლებამოსილია მოითხოვოს პირისგან განმარტება. 

5. საბჭო იღებს დასკვნას თანამშრომლობის ფაქტის არსებობა-არარსებობის შესახებ.  დასკვნა სავალდებულოა იმ საჯარო დაწესებულებისთვის, სადაც მოხელე მუშაობს ან აპირებს დასაქმებას. 

6. პირს უფლება აქვს გაასაჩივროს საბჭოს დასკვნა სასამართლოში. 7. საბჭო თავისი საქმიანობის ფარგლებში ქმნის საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელთა რეესტრს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის. ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს საბჭოს და წერილობით მიიღოს დადასტურება, იმყოფება თუ არა ეს პირი საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელთა რეესტრში. 

8. ნებისმიერ პირს, ამ პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს ან მემკვიდრეს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს საბჭოსგან ინფორმაცია თავად ამ პირის თაობაზე, კერძოდ რა სახის ინფორმაციია დაცული მასზე საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ მასალებში, რა სახის ქმედებები/შეზღუდვები გატარდა მის მიმართ სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მიერ, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მიიღოს მის შესახებ შექმნილი დოკუმენტების ასლები. 

თავი III. შეზღუდვები და გამონაკლისები 

მუხლი 6. თანამდებობრივი შეზღუდვები

1. იმ პირებს, რომელთა თანამშრომლობაც საბჭოთა უშიშროების ორგანოებთან ან კომუნისტურ პარტიასთან დადასტურდება საბჭოს მიერ, ამ კანონის ამოქმედებიდან 10 წლის ვადით ეკრძალებათ შემდეგი თანამდებობების დაკავება:  1.1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი 

1.2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პოლიტიკური თანამდებობის პირი.  

1.3. საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატების თანამშრომლები. 

1.4. მოსამართლე;  

1.5. პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი;  

1.6. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;  

1.7. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურ აუდიტორი, მისი მოადგილე;  

1.8. საქართველოს სახალხო დამცველი, მისი მოადგილე;  

1.9. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, მის მოადგილე; 1.10. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე;  1.11. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე,  

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მისი მოადგილე,  საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე,  აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების აპარატების უფროსი, მისი მოადგილე,  აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების აპარატების უფროსი, მისი მოადგილე.  

1.12. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს მინისტრების სათათბირო ორგანოების ხელმძღვანელები უფროსი, მათი მოადგილეები;  

1.13. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე; 

1.14. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფროსი, მისი მოადგილე,  ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრი;  

1.15. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, მისი მოადგილე და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მისი მოადგილე;  1.16. საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი, მისი მოადგილე.  

1.17. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების წევრი და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრი;  

1.18. საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე; 1.19. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; 

1.20. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე.  

1.21. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრი, აღმასრულებელ დირექტორი. 

1.22. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი და მისი მოადგილეები,  ბორდის წევრები. 

1.23. სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები,  პრორექტორები და ფაკულტეტის დეკანები.  

2. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომელთა თანამშრომლობაც იყო აქტიური, ნებაყოფლობითი და გამოიხატა მოქალაქეთა უფლებების დარღვევაში, ან მიზნად ისახავდა ტოტალიტარული რეჟიმის განმტკიცებას. 

3. იმ პირებს, რომელთა თანამშრომლობაც საბჭოთა უშიშროების ორგანოებთან ან კომუნისტურ პარტიასთან დადასტურდება საბჭოს მიერ, ამ კანონის ამოქმედებიდან 10 წლის ვადით ეკრძალებათ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ან/და კონკურსებში მონაწილეობა. ასევე, იმავე ვადით, ასეთი პირის მიერ იმ იურიდიული პირების დამფუძნებლობა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირად ყოფნა, რომლებიც მონაწილეობენ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ან/და კონკურსებში, გახდება საფუძველი ამ იურიდიული პირის დისკვალიფიკაციისა ტენდერი/კონკურსიდან.  

4. ამ კანონის მეორე მუხლში არსებულ გარემოებებს ადგენს და გადაწყვეტილებას იღებს საბჭო. გადაწყვეტილების მიღებისას ტარდება კენჭისყრა, სადაც გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს წევრების სრული შემადგენლობის ხმების უბრალო უმრავლესობით. 

მუხლი 7. გამონაკლისები 

1. თანამშრომლობის ფაქტი არ იქნება ლუსტრაციის საფუძველი, თუ: ა) დადგინდა,  რომ პირი თანამშრომლობდა სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ოჯახის წევრების უშუალო საფრთხის ქვეშ და ამან არ გამოიწვია სხვა პირების დაზარალება. ბ) პირმა თანამშრომლობა გააფორმა იმ მიზნით, რომ მიეღო ინფორმაცია, რომელიც შემდგომში გამოყენებული იყო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. გ) პირმა თანამშრომლობა საჯაროდ აღიარა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში და დეტალურად აღწერა მისი მოქმედებები. ასეთ შემთხვევაში, მისი მონაცემები შეიძლება გასაიდუმლოებული იყოს კანონით დადგენილი ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი მოქმედებები სერიოზულ დანაშაულს წარმოადგენდა. 

2. საბჭოს მიერ თანამდებობრივი შეზღუდვების განხორციელების თაობაზე წარმოების დაწყება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირს, რომლის მიმართაც წარმოება დაიწყება, კანონის ძალაში შესვლის მომენტისთვის უკავია ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თანამდებობა. 

მუხლი 8. ინფორმაციის საჯაროობა 

1. საბჭო უფლებამოსილია გამოაქვეყნოს იმ პირთა სახელები და მოკლე ინფორმაცია,  რომელთა თანამშრომლობაც ტოტალიტარულ რეჟიმთან დადასტურდა და რომლებსაც დაეკისრათ თანამდებობრივი შეზღუდვები.

2. პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობა არ ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციაზე, თუ ეს ინფორმაცია დაკავშირებულია ტოტალიტარული რეჟიმის დანაშაულებრივ საქმიანობასთან. 

3. საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს არქივების ხელმისაწვდომობა მკვლევრებისთვის და საზოგადოებისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით,  პირადი ცხოვრების დაცვის პრინციპების გათვალისწინებით. 

მუხლი 9. გასაჩივრების უფლება და მექანიზმები 

1. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, მისი გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. 

2. გასაჩივრება აჩერებს გადაწყვეტილების მოქმედებას. 

თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები 

მუხლი 9. კანონის ამოქმედება 

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

2. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ „ეროვნული მეხსიერების საბჭოს“  შექმნა და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო რესურსების გამოყოფა.