მანიფესტი
August 10, 2024
საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად და ისტორიული მისიის მისაღწევად,
ვქმნით „თავისუფლების მოედანს“ – ღია, დემოკრატიულ პლატფორმას და ვიწყებთ
პოლიტიკურ საქმიანობას.
„თავისუფლების მოედანი“ პატრიოტი, პროფესიონალი და პატიოსანი მოქალაქეების
ერთობაა, თავისუფლებისა და დემოკრატიის გადასარჩენად.
ჩვენი მიზანია, არ დავუშვათ საქართველოს გადაქცევა რუსეთის გუბერნიად, დავამარცხოთ
დღევანდელი ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებზე, დავამყაროთ რეალური
დემოკრატია და მივაღწიოთ ევროკავშირის წევრობას.
გვჯერა, რომ მშვიდობის საფუძველი სამართლიანობაა, ხოლო მმართველობის ყველაზე
სამართლიანი სისტემა დემოკრატიაა.
მიგვაჩნია, რომ ევროკავშირის წევრობა ჩვენი ქვეყნის ისტორიული მისწრაფებებისა და
მიზნების აღსრულების საუკეთესო მექანიზმია, საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების გარანტია.
გვაქვს მკაფიო ხედვა, როგორ მივიდეთ არჩევებამდე, როგორ დავიცვათ ჩვენი ხმები და როგორ განვაგრძოთ გზა არჩევნების შემდეგ – ეროვნული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებით, ეკონომიკის, ჯანდაცვის, კულტურისა და განათლების განვითარებით, უნიკალური ბუნებისა და გარემოს ეფექტიანი დაცვით.
მზად ვართ თანამშრომლობისთვის ყველა სამოქალაქო ჯგუფთან, პოლიტიკურ პარტიასთან, და მოქალაქესთან, რომელთანაც ფასეულობები, მიდგომები და მიზნები გვაერთიანებს.
ჩვენი მთავარი ძალა ცოდნაა, უარს ვამბობთ და ვემიჯნებით ძალადობას. მივმართავთ
ბრძოლის მხოლოდ მშვიდობიან და კონსტიტუციურ ფორმებს.
შემოგვიერთდით, გელით „თავისუფლების მოედანზე“!
1 ივლისი, 2024