დაიბრუნე საქართველო
February 7, 2025

„თავისუფლების მოედნის“ სტრატეგია ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ
”თავისუფლების მოედნის” დამფუძნებლები არასოდეს ვყოფილვართ ხელისუფლებაში მყოფი რომელიმე პარტიის წევრები. ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობიდან წარმოიშვა. ჩვენ გვჯერა, რომ მმართველობას, რომელიც სიცრუეს, მოსყიდვას და დაშინებას ეფუძნება, თავისუფალი მოქალაქეების დემოკრატიული და არაძალადობრივი წინააღმდეგობით უნდა დავუპირისპირდეთ. ამ ბრძოლაში გამარჯვებამ უნდა მოგვიტანოს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორება, არამედ ეროვნული ინტერესის შესაბამისი სისტემური ცვლილება, მრავალპარტიული დემოკრატიის დამყარება. ამ უმთავრესი მიზნის მიღწევას სჭირდება იმის დანახვა, თუ რა ეტაპზეა ახლა ჩვენი ბრძოლა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში მისი წარმატებით დასრულებისთვის და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავტორიტარიზმი საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდეს.
სამი მთავარი მიზეზი თუ რატომ უნდა წავიდეს „ქართული ოცნება“
ამ მანიფესტში გამოვყოფთ სამ ძირითად მიზეზს თუ რატომ აღარ აქვს ქართულ ოცნებას საშინაო და საგარეო ლეგიტიმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო მართოს. ეს მიზეზები “ოცნების” საგარეო პოლიტიკას, მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებსა და საქართველოს მომავალი განვითარების საკითხებს უკავშირდება.
მიზეზი 1: „ქართული ოცნების“ ანტი-დასავლური კურსი და ევროპულ ინტეგრაციაზე უარის თქმა საქართველოს როგორც ევროპული ტიპის, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე, საკუთარი ტრადიციების შენარჩუნებასა და თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაზე უარის თქმაც არის.
დასავლეთისგან იზოლაციის პოლიტიკა, საქართველოს ოკუპანტი ძალის – რუსეთის ფედერაციის – წინაშე პირისპირ, მოკავშირეების გარეშე ტოვებს, ასუსტებს ქვეყნის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე, ხელიდან გვაცლის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო კრიტიკულ შესაძლებლობებს. შედეგად, შეუძლებელი ხდება ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნება, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გადამწყვეტ როლს ასრულებენ. უკიდურესად სუსტდება ჩვენი შესაძლებლობები მშვიდობიანად მოვაგვაროთ კონფლიქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. „ოცნების“ პოლიტიკის შედეგად შეწყვეტილი საერთაშორისო სამხედრო დახმარება ხელიდან გვაცლის შესაძლებლობას, განვავითაროთ თავდაცვა და განვამტკიცოთ ეროვნული სუვერენიტეტი.
მიზეზი 2: „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკა მორალისგან დაცლილ საქმედ აქცია, სადაც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ნებისმიერი საშუალება მისაღებია, მათ შორის, შეურაცხყოფა, ჩაგვრა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უგულებელყოფა, დაშინება, მასობრივი დაპატიმრება, ძალადობა და წამება. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მასობრივი ფალსიფიცირება, კანონების პირად და პარტიულ ინტერესზე მორგება, დეზინფორმაციის მასობრივად გავრცელება და მოქალაქეების სამსახურებიდან პოლიტიკური მიზეზებით გათავისუფლება ამ მიდგომის ნაწილია.
მიზეზი 3: არალეგიტიმური, საფუძველშერყეული და სანქცირებული „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს საქართველოს განვითარების შეფერხებას, ქვეყნის ეკონომიკურ იზოლაციასა და მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად გაღარიბებას; საუკეთესო სპეციალისტების მიერ ქვეყნის დატოვებას; ჯანდაცვისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაცემას; განათლების ხარისხის გაუარესებასა და სასწავლო პროგრამების პარტიულ მიზნებთან დაქვემდებარებას; ჩვენი ქალაქებისა და საცხოვრისის იდენტობის წაშლას და მათ უსულო “ბეტონის ჯუნგლებად” ქცევას; კორუფციისა და კრიმინალის ზრდას, უფრო და უფრო მეტი ადამიანის დამოკიდებულებას მინიმალურ საარსებო შემწეობაზე და მათ უკიდურეს დაუცველობას თავგასული და უკონტროლო ხელისუფლების წინაშე.
საკუთარ ხალხზე ძალადობის, ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტისა და დასავლეთთან დაპირისპირების, არჩევნების ფალსიფიცირებისა და სხვა არადემოკრატიული ნაბიჯების გამო „ქართულმა ოცნებამ“ საშინაო და საერთაშორისო ლეგიტიმაცია დაკარგა. ბიძინა ივანიშვილის პარტიის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გადადგმულ ამორალურ ნაბიჯებს საქართველო ყოველდღიურად ჩამორჩენილ, ღარიბ და დემოკრატიული სამყაროსგან იზოლირებულ დიქტატურისკენ მიჰყავს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი პოლიტიკა და მივიჩნევთ, რომ „ოცნება“ ხელისუფლებიდან დაუყოვნებლივ ჩამოსაშორებელია.
„როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“
ავტორიტარულ სახელმწიფოებში არჩევნები, როგორც წესი, საკმარისი არ არის ხელისუფლების შესაცვლელად. ავტორიტარების მიერ მანიპულირებული არჩევნები ხშირად წარმოადგენს ხელისუფლების ცვლილების არა საბოლოო, როგორც ეს დემოკრატიებშია, არამედ შუალედურ ეტაპს. არჩევნების ფალსიფიცირების საჭიროება ავტორიტარისთვის პოლიტიკური ლეგიტიმაციის დაკარგვისა და მისი რეჟიმის შემდგომში ჩამოშლის წინაპირობა ხდება.
ივანიშვილის პარტია მართავს საქართველოს არა იმიტომ, რომ მას ხალხმა ძალაუფლება დროებით გადასცა, რაც თავისუფალი სამყაროს წესია. ქართული ოცნება ეყრდნობა ძალაუფლების შენარჩუნების რუსული მოდელის სამ ბურჯს: მოსყიდვას, სიცრუესა და ძალადობას. ავტორიტარიზმის ამ საყრდენებს არაძალადობრივი, სახალხო და თანმიმდევრული წინააღმდეგობით რომ დავუპირისპირდეთ, საჭიროა გავიაზროთ, რა ეტაპზეა ამჟამად ჩვენი ბრძოლა და შევთანხმდეთ, რა ეტაპები გვაქვს გასავლელი მომავალში.
ავტორიტარიზმთან ბრძოლის სტრატეგია შეგვიძლია რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპად დავყოთ. ესენია:
1) საწყისი პროტესტი და დარწმუნება – როდესაც საზოგადოების ნაწილი ცდილობს წინ აღუდგეს ავტორიტარიზმისა და დიქტატურის ფორმირებას ქვეყანაში და საზოგადოების დარჩენილი ნაწილი ამ წინააღმდეგობის აუცილებლობაში დაარწმუნოს;
2) ბოიკოტი – როდესაც ქვეყნის მნიშვნელოვანი ინდუსტრიები, სექტორები, ორგანიზაციები და ინდივიდები ამცირებენ ან ასუსტებენ ავტორიტარულ რეჟიმთან თანამშრომლობას;
3) ავტორიტარული რეჟიმის დეზინტეგრაცია – როდესაც რეჟიმი სრულფასოვნად ვეღარ ახორციელებს ძალაუფლების კონტროლს;
4) დემოკრატიის აღდგენა და მისი დაცვა შემდგომი ანტიდემოკრატიული რევანშისგან.
ბრძოლის ამ ეტაპების კომპონენტები შესაძლოა პარალელურად განვითარდეს, მაგრამ ეს ეტაპები, პრინციპულად, ერთმანეთისგან გამომდინარეობს.
ჩვენი საერთო ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს მის პირველ ეტაპზე – თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში ვახდენთ საპროტესტო საზოგადოების სარეკორდო ხანგრძლივობითა და მასშტაბით მობილიზაციას. უფრო და უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტია დემოკრატიისა და, შესაბამისად, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და რომ ძალადობის, სიყალბისა და იზოლაციონიზმის გაგრძელება კარგს არაფერს მოიტანს. მნიშვნელოვანია, ვიბრძოლოთ ისე, რომ ნაკლებად დავზარალდეთ – ხელისუფლებამ კი რეპრესიებისა და ძალადობისთვის აუცილებლად უნდა გადაიხადოს მაღალი პოლიტიკური, მორალური თუ ეკონომიკური ფასი. „დარწმუნების“ თვალსაზრისით, მეტი სამუშაო გვაქვს გასაწევი საჯარო სამსახურებში და საქართველოს შედარებით უფრო მცირერიცხოვან დასახლებებში.
სულ უფრო მეტი ადამიანი ხედავს ოცნების ავტორიტარული პოლიტიკის შედეგებს და ამიტომ ჩვენი ბრძოლის მეორე – „არათანამშრომლობის“ ეტაპზეც გვაქვს მიღწევები: საერთაშორისო თანამეგობრობა, ბიზნესი თუ საჯარო უწყებების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე უარს ამბობს ივანიშვილის პარტიასთან თანამშრომლობაზე. თუმცა, ავტორიტარიზმის რღვევისთვის აუცილებელია არათანამშრომლობის მეტად გაღრმავება სისტემის შიგნითაც და საერთაშორისო დონეზეც. საჯარო სამსახურების, თვითმმართველობების, სამართალდამცავი და სასამართლო სისტემების თანამშრომლებმა კიდევ უფრო ნათლად უნდა დაინახონ ის რისკები, რასაც „ოცნება“ კონკრეტულად მათ და ჩვენს ქვეყანას უქმნის; შეწყვიტონ ან მნიშვნელოვნად შეასუსტონ არაკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმთან თანამშრომლობა.
დღეისათვის განსაკუთრებული აქცენტი სწორედ მეორე ეტაპზე გვაქვს გასაკეთებელი. შედეგად, რეჟიმი იმდაგვარად დასუსტდება, რომ მივაღწევთ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ჩვენს შუალედურ პოლიტიკურ მიზანს – ახალი არჩევნების დანიშვნას.
როგორ დავიცვათ დემოკრატია ავტორიტარიზმის რევანშისგან
ხელისუფლების ცვლილება არ ნიშნავს დემოკრატიის ავტომატურად დამყარებას. წარსულის შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ და ბიძინა ივანიშვილის პარტიის ძალაუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ, აუცილებელია ქვეყნის პოლიტიკური სისტემის იმდაგვარად მოწყობა, რომ მივაღწიოთ ჩვენს მთავარ მიზანს – ევროპული ტიპის მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრებას. აუცილებელია მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება და ისეთი რეფორმების განხორციელება, რომლებიც გამორიცხავენ ავტორიტარიზმის რევანშს საქართველოში.
მრავალპარტიული დემოკრატიის საძირკველს ძალაუფლების რეალური დანაწილება, ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოების ურთიერთკონტროლი და კრიტიკული მედია ქმნის. დემოკრატიულმა მმართველობამ უნდა განაპირობოს ქართველი ხალხის ნების რეალიზება საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. ამგვარი ტრანსფორმაცია უზრუნველყოფს არა მხოლოდ მთავრობების მიერ დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის მიზნების მიმართ ერთგულების დეკლარირებას, არამედ ნაყოფიერ პოლიტიკურ საქმიანობას და ამ მიზნების რეალურად მიღწევას შესაძლო უმოკლეს ვადებში. საქართველომ სწრაფად უნდა დააკმაყოფილოს ევროკავშირის რეკომენდაციები, გახსნას წევრობის შესახებ მოლაპარაკებები და დაასრულოს ეს პროცესი ევროკავშირის გაფართოების შემდეგი ტალღის დადგომამდე. არჩევნების შემდეგ გასატარებელი რეფორმები სამ ჯგუფად წარმოგვიდგენია:
ა) სამართლიანობის აღდგენა
1.უნდა განხორციელდეს სამოქალაქო პროტესტის გამო დაზარალებული ადამიანებისა და უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეების უფლებრივი რეაბილიტაცია და მათი ფინანსური კომპენსაცია.
2. მოკლე ვადებში უნდა გაუქმდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ოფშორების, ცენზურის, სამოქალაქო მანიფასტაციების შემზღუდავი და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული კანონები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო.
3. საარჩევნო რეფორმის შედეგად, ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის ეფექტიანი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
4. უნდა გამოიძიოს სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და მითვისების საქმეები და ანაზღაურდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი.
5. გარდამავალ პერიოდში, პოლიტიკური რეფორმის შედეგად, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ სასამართლო სისტემის, ძალოვანი უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები. უნდა გამოირიცხოს მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების და გამოძიების პროცესებში ჩარევა. მათთან დაკავშირებულ საქმეებზე დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ ობიექტური განაჩენის დადგენამდე, მათი ქონება უნდა დაყადაღდეს და მათ ქვეყნის დატოვება აეკრძალოთ.
6. შემდგომში, საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე, ამნისტია შეიძლება შეეხოს რეჟიმის უკანონო ქმედებებში ჩართულ საჯარო მოსამსახურეებს და სხვა პირებს, თუ მათ მძიმე დანაშaული არ ჩაუდენიათ. თუმცა, ისინი საჯარო სამსახურში აღარ უნდა დაბრუნდნენ.
7. სასამართლო რეფორმამ უნდა გამორიცხოს კლანის წევრთა სისტემაში დარჩენა. რეფორმის ფარგლებში უნდა შემოწმდეს მოქმედ მოსამართლეთა კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება.
8. საქართველომ უნდა მიიღოს ლუსტრაციის თანამედროვე კანონი, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობას, სახელმწიფო დაფინანსებისა და შესყიდვების პროცესში მონაწილეობას აუკრძალავს იმ ადამიანებს, რომლებიც თანამშრომლობდნენ როგორც საბჭოთა სპეცსამსახურებთან წარსულში, ისე რუსულ სპეცსამსახურებთან თანამედროვე პერიოდში. მათ შორის, მონაწილეობდნენ რუსული ჰიბრიდული ომის წარმოებაში საქართველოს წინააღმდეგ, საინფორმაციო და მედია საშუალებების გამოყენებით.
ბ) სამართალდამცავი და სპეცსამსახურების დეკონცენტრაცია
9. უსაფრთხოების სამსახურები უნდა დაექვემდებარონ დემოკრატიულ კონტროლს. მათი უფლებამოსილებები უნდა შეიკვეცოს და განაწილდეს სხვადასხვა უწყებაზე. უნდა აღმოიფხვრას უსაფრთხოების სამსახურების პარტიული მიზნებისთვის გამოყენების მანკიერი პრაქტიკა.
10. უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი და ძლიერი ანტიკორუფციული სააგენტო, რომლის ხელმძღვანელი დაინიშნება პარლამენტის მიერ და თავისუფალი იქნება ინტერესთა კონფლიქტისგან. სააგენტო აღჭურვილი უნდა იყოს საგამოძიებო ფუნქციით მაღალი დონის კორუფციის საქმეების გამოსაძიებლად.
გ) ძალაუფლების გადანაწილება
11. მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის საყოველთაო, პირდაპირი წესით არჩევას. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებულ დროს.
12. პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს უნდა მიენიჭოს ვეტოს უფლება, რომლის დასაძლევადაც პარლამენტს კვალიფიციური უმრავლესობა დასჭირდება.
13. პრეზიდენტის უფლებამოსილებები უნდა გაძლიერდეს სახალხო დამცველის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, ცესკოს წევრების, დამოუკიდებელი ინსპექტორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გამგეობის წევრების და სხვა უწყებების დაკომპლექტების პროცესში, რომელთა მთავარი ფუნქცია ადამიანის უფლებების დაცვა და საზედამხედველო საქმიანობის წარმოებაა. ამ ცვლილებების მიზანი უნდა იყოს ძალაუფლების ალტერნატიული ღერძების შექმნა, რომლებიც ერთმანეთს გააწონასწორებენ.
14. საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა დაკომპლექტდეს პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის მონაწილეობით, წამყვანი დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტიანი ჩართულობით. საარჩევნო ადმინისტრაცია ან სრულიად პროფესიული ნიშნით უნდა დაკომპლექტდეს, სადაც ადმინისტრაციის თავმჯდომარე ფართო უფლებებით იქნება აღჭურვილი და პარლამენტის მიერ მაღალი ნდობის ვოტუმით აირჩევა, ან პოლიტიკურმა პარტიებმა სრულად უნდა აიღონ მის დაკომპლექტებაზე პასუხისმგებლობა. საარჩევნო ადმინისტრაციის ჩამოყალიბების პროცესმა, ერთი მხრივ, უნდა გამორიცხოს კომისიის ერთპარტიული კონტროლი, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს მისი გამართული ფუნქციონირება და გამორიცხოს მიზანმიმართული საბოტაჟის რისკები.
15. საარჩევნო პროცედურები უნდა გახდეს სრულად გამჭვირვალე, მათ შორის საჯარო გადამოწმებას უნდა დაექვემდებაროს საარჩევნო და არჩევნებში მონაწილეთა სიები, პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფით.
16. ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმამ ხელი უნდა შეუწყოს ძალაუფლების ჰორიზონტალურ გადანაწილებას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ავტონომია, კომპეტენციები და ფინანსური რესურსები მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად. ისინი არ უნდა ექვემდებარებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ მივლენილ რწმუნებულებს. სახელმწიფო რწმუნებულების სისტემა უნდა გაუქმდეს.
17. ადგილობრივ ბიუჯეტებში უნდა დაინერგოს თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკა და გაიზარდოს ბიუჯეტის ის წილი, რომელიც მოქალაქეთა თანამონაწილეობით შეიქმნება.
18. საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა დაბრუნდეს საზოგადოების სამსახურში და მოქალაქეების ფული მათსავე ინტერესს უნდა ემსახუროს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გადაცემების რედაქცია უნდა დარჩეს მის პირვანდელი ადგილას. უნდა შეიცვალოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის არჩევისა და მართვის წესი, რომ მომავალში კიდევ არ მოგვიწიოს ბრძოლა იმისთვის, რომ მკაფიოდ ისმოდეს მოქალაქეთა ხმა საზოგადოებრივი ტელევიზიიდან.
***
წინააღმდეგობის პროცესის სტრატეგიულად გააზრებით, მისი შესაბამისი დაგეგმვითა და ზოგადი კოორდინაციით, ჩვენ შევძლებთ მიმდინარე სახალხო ბრძოლის ორგანიზებულ პოლიტიკურ პროცესად გადაქცევას, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანას, დემოკრატიის განმტკიცებას და ქვეყნის საგარეო კურსის ევროკავშირისკენ კვლავ დაბრუნებას.
ასე შევქმნით ისეთ საქართველოს, რომლისკენაც “თავისუფლების მოედანი” ისწრაფვის: თავისუფალ ქვეყანას, რადგან მის გარეშე არ არსებობს ღირსება; დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემას, რომლის გარეშეც ვერ იარსებებს სამართლიანობა და თანასწორ შესაძლებლობებს ყველასათვის, რისი უფლებაც ყველა მოქალაქეს დაბადებიდანვე ენიჭება.
„თავისუფლების მოედანი“ იწყებს კონსულტაციებს ყველა ინდივიდთან და ჯგუფთან, ვინც იზიარებს ამ სტრატეგიის სულისკვეთებას, მზად არის მონაწილეობა მიიღოს წინააღმდეგობის გაძლიერების საქმეში და ითანამშრომლოს ამ დოკუმენტში ასახული პოლიტიკური ამოცანების რეალიზაციისთვის.