ბუნებრივი კატასტროფების რისკების მართვა


ბოლო წლების განმავლობაში ბუნებრივი სტიქიური მოვლენებით გამოწვეულმა კატასტროფებმა – ვერეს ხეობის წყალდიდობამ, შოვის ტრაგედიამ, მეწყერმა და წყალდიდობამ გურიაში, დევდორაკის მყინვარის ჩამოშლამ, თუშეთის ხანძარმა, ხარაგაულის მეწყერმა – კიდევ ერთხელ დაგვანახა სახელმწიფოს უუნარობა, გაუმკლავდეს კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ მომეტებულ ბუნებრივ საფრთხეებსა და კატასტროფების რისკებს. ქვეყანაში არსებული არასაკმარისი რესურსების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ შესაძლებელი იყო ადამიანური მსხვერპლისა და მატერიალური ზიანის მნიშვნელოვანი შემცირება.
„ქართული ოცნების“ მიერ დემოკრატიული სისტემის ნგრევა, საერთაშორისო თანამშრომლობის შეჩერება ევროკავშირსა და აშშ-სთან, ნეპოტიზმი, კორუფცია და პოლიტიკური ნების არარსებობა, გაუმკლავდეს სერიოზულ რისკებს, ქვეყანას ადამიანთა ჯანმრთელობის, სიცოცხლის და დიდი ეკონომიკური ზიანის ფასად უჯდება. ამ ვითარებას ამძიმებს დაბალი კორპორაციული პასუხისმგებლობა კერძო ბიზნესის მხრიდან და დაბალი საზოგადოებრივი ცნობიერება ბუნებრივ რისკებთან დაკავშირებით.

„თავისუფლების მოედანი“ მიიჩნევს, რომ ბუნებრივი სტიქიური მოვლენებით გამოწვეულ კატასტროფებთან ეფექტიანი გამკლავება სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს ჩვენს ეპოქაში, როდესაც ბუნებრივი კატაკლიზმები გაზრდილი ანთროპოგენული ზეწოლის პირობებში კიდევ უფრო ფართო მასშტაბებით მიმდინარეობს. საქართველო კი რთული რელიეფის, გეოლოგიური და კლიმატური პირობების გამო ისედაც განსაკუთრებით მოწყვლადია სტიქიური მოვლენების მიმართ.

ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს პოლიტიკურ რეფორმებს და ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებებს კატასტროფების რისკის მართვის კუთხით, ჩართული ინსტიტუციების როლებისა და პასუხისმგებლობების მკაფიო გამიჯვნითა და განაწილებით. ჩასატარებელი ღონისძიებები და ქმედებები მოიცავს: საფრთხეების იდენტიფიცირებას, რისკების შეფასებასა და მართვის მნიშვნელოვანი ასპექტების გაუმჯობესებას. კატასტროფების მართვა, კომპლექსური მოცემულობაა და გამოიხატება სამთავრობო უწყებების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების ჰარმონიულ ერთობლიობაში, რომლის მიზანია შესაძლო კატასტროფებით გამოწვეული სოციალური, ეკონომიკური და გარემოს ზიანის თავიდან აცილება ან შემცირება, ადამიანის უსაფრთხოების, სწრაფად რეაგირების და ეფექტური აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფა.

ადამიანთა სიცოცხლის, ეროვნული იდენტობის და ეკონომიკის დაცვა ბუნებრივი რისკებისა და საფრთხეებისგან

საქართველოს აქვს პოტენციალი, უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს, ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეულ თუ კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ ბუნებრივ რისკებსა და საფრთხეებს. არსებული არასაკმარისი რესურსების პირობებშიც კი, შესაძლებელია ადამიანური მსხვერპლისა და მატერიალური ზიანის მნიშვნელოვანი შემცირება.

რა უშლის ხელს?
  • პოლიტიკური ნების არარსებობა და დაბალი კორპორაციული პასუხისმგებლობა

როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორი წლების გამავლობაში უგულებელყოფდა მეცნიერთა გაფრთხილებებს მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფების შესახებ. ბოლო წლების ტრაგედიები ამის თვალსაჩინო მაგალითია. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ გააჩნია სათანადო პოლიტიკური ნება, რათა მოახდინოს რესურსების ოპტიმალური ორგანიზება, უზრუნველყოს საერთაშორისო დახმარებისა და საკუთარი რესურსების უკეთ ორგანიზება და იმოქმედოს საჯარო და არა კერძო ინტერესების მიხედვით; კერძო ბიზნესის დიდი ნაწილი ასევე გამოირჩევა დაბალი კორპორაციული პასუხისმგებლობით საზოგადოებისა და გარემოს მიმართ. ასეთი დამოკიდებულების გამო ვერ ხერხდება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვა და იზრდება რისკები უსაფრთხოებისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის.

  • დემოკრატიული სისტემის ნგრევა

„ქართული ოცნება“ თავს ანგარიშვალდებულად არ მიიჩნევს საქართველოს მოქალაქეების წინაშე. აქედან გამომდინარე, მის გადაწყვეტილებებს განაპირობებს არა მოქალაქეებზე ზრუნვა, არამედ კერძო და პარტიული ინტერესების სამსახური.

  • რეალური თვითმმართველობის არარსებობა

დემოკრატიის ნგრევამ მოიტანა თვითმმართველობების უკიდურესი დასუსტება. სუსტი თვითმმართველობა ნიშნავს ნაკლებ უნარს იზრუნო მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაზე, ნაკლებ რესურსებს პრობლემების მოსაგვარებლად, პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების არარსებობას.

  • კორუფცია

„ქართული ოცნება“ ღრმად კორუმპირებული პარტიაა, რომელმაც უკიდურესად დაასუსტა სახელმწიფო ინსტიტუტები და დაუქვემდებარა ისინი კორუფციულ ინტერესებს. შესაბამისად, გადაწყვეტილებები მიიღება იმის მიხედვით, თუ რა ფინანსურ მოგებას ნახავს აქედან „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერი ან დონორი და არა იმის მიხედვით, თუ რისი გაკეთებაა საჭირო ეკოლოგიურ რისკებსა და საფრთხეებთან გასამკლავებლად.

  • ნეპოტიზმი

„ქართული ოცნება“ საპასუხიმგებლო თანამდებობებზე ნიშნავს არა პროფესიონალიზმის, არამედ კერძო კავშირებისა და კლანური ინტერესების წინაშე ლოიალობის ნიშნით. შედეგად, უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ არც სათანადო კომპეტენცია და არც სურვილი, ემსახურონ ხალხს.

პოლიტიკური ნების უქონლობა, დემოკრატიისა და თვითმმართველობის მოშლა, კორუფცია და ნეპოტიზმი ქმნის სასიცოცხლო რისკებს:
  • ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა

გასულ წლებში უამრავი მოქალაქე იმსხვერპლა ისეთმა ბუნებრივმა მოვლენებმა, რომელთა პროგნოზირება, პრევენცია და ზიანის შემცირება შესაძლებელი იყო. ახლო წარსულში მომხდარმა კატასტროფულმა მოვლენებმა: ვერეს ხეობის წყალდიდობამ, შოვის ტრაგედიამ, დევდორაკის მყინვარის ჩამოშლამ მოიტანა ადამიანური მსხვერპლი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი. სახელმწიფოს შეეძლო უკეთ და ადრე ემოქმედა.

  • ეროვნული იდენტობისათვის მიყენებული ზიანი

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მდებარეობს ჩვენი ისტორიისა და ეროვნული იდენტობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი არტეფაქტები, ძეგლები და დასახლებები. ეს კულტურული მემკვიდრეობა არა მხოლოდ ჩვენი წარსულის მატარებელია, არამედ ჩვენი თვითშეგნების, ერთიანობისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის მნიშვნელოვანი საფუძველიცაა. ამასთან, აღნიშნული რეგიონები მომატებული ბუნებრივი საფრთხეებისა და კლიმატის ცვლილებით გაძლიერებული რისკების წინაშე დგანან. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ სათანადო პრევენციული ზომებისა და მტკიცე მართვის პოლიტიკის არქონამ კულტურული მემკვიდრეობა შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს.

  • მდგრადი ეკონომიკური განვითარების შეფერხება

ეკონომიკური განვითარება არ შეიძლება გაიზომოს მხოლოდ ზედაპირული ეკონომიკური მაჩვენებლებით. ტურისტებისა თუ სატრანზიტო ტვირთების რაოდენობა ვერ ჩაითვლება წარმატებულ ეკონომიკურ განვითარებად, თუკი ის გადაიზრდება გაზრდილ ეკოლოგიურ თუ ბუნებრივ რისკებში და შედეგად, ისტორიული გარემოსა და ადამიანთა სიცოცხლისათვის მიყენებულ გამოუსწორებელ ზიანში. განსხვავებით სხვა, გეოგრაფიულად დიდი, ეკონომიკურად ძლიერი და მრავალრიცხოვანი ერებისაგან, საქართველოს ასეთი რისკები ბევრად უფრო დიდ ზიანს მოუტანს და ეს ბევრად უფრო ნაკლებ დროში მოხდება, თუკი არ გვექნება რისკების მართვის ადეკვატური პოლიტიკა. ამასთანავე, ჩვენი ქვეყნის შედარებით მცირე მასშტაბი, შესაძლებლობას გვაძლევს სწრაფად განვახორციელოთ ეფექტიანი ზომები. საქართველოს შეუძლია აირიდოს სერიოზული რისკები და შეამციროს გარდაუვალი ზიანი შესაბამისი პოლიტიკის სწრაფად შემუშავებითა და მისი დაუყოვნებლივ განხორციელებით.

ამისათვის საჭიროა შემდეგი რეფორმებისა და მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღება:
I. პოლიტიკური და ინსტიტუციური რეფორმები
  • ნეპოტისტური სისტემიდან დემოკრატიულ და მერიტოკრატიულ სისტემაზე გადასვლა

ჩვენ ვერ მოვახერხებთ ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებას, თუკი სახელმწიფო ინსტიტუტები მიმართული იქნება არა ხალხის ინტერესებზე ზრუნვაზე, არამედ კერძო ინტერესების სამსახურსა და საზოგადოებრივი ინტერესების უგულებელყოფასა და რეპრესიაზე. მერიტოკრატიულ სისტემაზე გადასვლისთვის აუცილებელია ქვეყანა დემოკრატიას დაუბრუნდეს, დემოკრატიაში დაბრუნება კი შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ძალაუფლებაში ყოფნით. იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ხალხსა და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული მმართველობის განხორციელება, აუცილებელია არსებული რეჟიმის დემოკრატიული და ანგარიშვალდებული ხელისუფლებით ჩანაცვლება.

  • თვითმმართველობების გაძლიერება და განვითარება

ბუნებრივ რისკებსა და საფრთხეებთან გამკლავებაში ერთ-ერთი წამყვანი როლი თვითმმართველობებმა უნდა შეასრულონ. ეს შეუძლებელი იქნება რეალური თვითმმართველობის დამყარების და ანგარიშვალდებული და ძლიერი ადგილობრივი ხელისუფლებების გარეშე. სწორედ თვითმმართველობებს აქვთ ყველაზე ახლო და ზუსტი ცოდნა არსებულ რისკებზე, იცნობენ ადგილობრივ გარემოსა და ადგილობრივი თემის ინტერესებს. „თავისუფლების მოედანი“ ამბიციურ თვითმმართველობის რეფორმას დაუჭერს მხარს და მათ რეალურ ძალაუფლებასთან ერთად პასუხისმგებლობის ვალდებულებითაც აღჭურვავს.

  • პრობლემის მნიშვნელობის აღიარება

მნიშვნელოვანია სახელმწიფომ აღიაროს, რომ გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შემცირება და ბუნებრივი კატასტროფების რისკების  მართვა ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხებია. სახელმწიფომ ეს მიდგომა უნდა ასახოს ყველა სტრატეგიულ დოკუმენტში და გარემოს დაცვის პოლიტიკა არ უნდა იყოს მხოლოდ ცალკეული უწყების პრეროგატივა, არამედ უნდა გახდეს მთავრობის პრიორიტეტი.

  • აქსელერაცია

წარსული უმოქმედობა და არაეფექტიანი პოლიტიკა შესაძლებელია ძვირად დაგვიჯდეს უახლოეს მომავალში. ამიტომ ბუნებრივი რისკებისა და საფრთხეების უკეთესად მართვის სისტემის, პოლიტიკისა და პროგრამების განსახორციელებლად საჭიროა დამატებითი საბიუჯეტო და საერთაშორისო ფონდების სწრაფი მობილიზაცია და მათი ეფექტიანად განკარგვის სისტემის შექმნა.

  • ახალი დამოუკიდებელი ორგანო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაუმჯობესება

მომეტებულ რისკებთან უკეთ გასამკლავებლად, აუცილებელია შეიქმნას ახალი დამოუკიდებელი ორგანო – ბუნებრივი საფრთხეების მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც იზრუნებს საბიუჯეტო სახსრების ეფექტურ განაწილებასა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეისათვის არსებული ინტერესთა კონფლიქტი უწყებებს შორის, რომლიც აღმოფხვრა არსებითად მნიშვნელოვანია ეფექტიანი პოლიტიკის შექმნისა და განხორციელებისთვის, ამ კონტექსტში ერთმანეთისგან უნდა გამოიყოს ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები.

  • გამოძიება და პასუხისმგებლობა

ტრაგედიები, რომელთა თავიდან აცილებაც შეიძლებოდა, არ უნდა დარჩეს ობიექტური და სამართლიანი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე. მათ, ვის არაკომპეტენტურობასა თუ უგულისყურობას ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს წინაშე უნდა აგონ. მსგავსი მოვლენების გამოძიების შემდეგ, დასკვნები უნდა გასაჯაროვდეს.

  • საერთაშორისო თანამშრომლობის აღდგენა და გაუმჯობესება

„რუსული კანონების“ კრებულის მიღებით, ევროპასა და შეერთებულ შტატებთან უერთიერთობების გაუარესებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო საერთაშორისო თანამშომლობის უამრავი შესაძლებლობა, რომელიც აუცილებელი იყო ჩვენი ქვეყნისათვის საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად, დამატებითი დაფინანსებისა და ექსპერტიზის მისაღებად. ჩვენ აღვადგენთ და ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ ეკოლოგიურ რისკებთან გამკლავებისათვის საჭირო თანამშრომლობას, მათ შორის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ქვეყნის დაბრუნებით.

  • დაზღვევა და კომპენსაცია

სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს კერძო სექტორთან და შექმნას დაზღვევისა და კომპენსაციის მოქნილი და დროული დახმარების მექანიზმები ეკოლოგიური კატასტროფების შედეგად დაზარალებულთათვის.

II. რისკების შეფასება და მონიტორინგი
  • ბუნებრივი რისკებისა და საფრთხეების რუკების სავალდებულო შექმნა

სახელმწიფომ, ბუნებრივი საფრთხეების მართვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით, ადგილობრივ თვითმმართველობთან, საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, უნდა შექმნას ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების ეროვნული რუკა, წყლის რესურსების მართვის სისტემა და გეგმა, რომელიც გათვალისწინებული იქნება ეროვნული თუ ადგილობრივი პოლიტიკის დაგემვისას, მათ შორის განაშენიანების, მშენებლობების ნებართვების გაცემისას და სატრანსპორტო თუ ლოჯისტიკური პროექტების დაგეგმვა-განხორციელების დროს.

  • მონაცემთა საჯაროობა

რისკების რუკები და მონიტორინგის შედეგები ღიად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა ადგილობრივი თვითმმართველობების, მოსახლეობის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მათი დამოუკიდებლად და თავისუფლად დამუშავება შეეძლოთ.

  • გეოლოგიური მონიტორინგი

მონიტორიგის მნიშვნელოვან ნაწილს უნდა შეადგენდეს რეგულარული შემოწმებები და გეოლოგიური ექსპედიციები, განსაკუთრებით ტურისტულ და საკურორტო ზონებში.

  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება

სრულყოფილი მონიტორინგისთვის უნდა გამოიყენებოდეს თანამედროვე ტექნოლოგიები და გეოინფორმაციული სისტემები, დრონებითა და სატელიტური დაკვირვება – ლანდშაფტში მიმდინარე ცვლილებების, მეწყრული პროცესების და მყინვარების მოძრაობის დასაფიქსირებლად.

III. მიწათსარგებლობა და ინფრასტრუქტურის დაგეგმარება
  • ზონირების მკაცრი რეგულირება

განაშენიანების დაგეგმვისას და მშენებლობის ნებართვების გაცემისას აუცილებელია საშიშ ზონებში აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესება და მათი ეფექტიანი აღსრულება.

  • დაცვითი ზოლები

უნდა შეიქმნას სავალდებულო ბუფერული ზონები მდინარეებთან და ფერდობებთან იმ რეგიონებში, რომლებიც მომეტებული ბუნებრივი რისკების წინაშე დგანან.

  • მდგრადი განვითარების ხელშეწყობა

ტყეების გაჩეხვის, ტურიზმის გადატვირთვისა და ქაოსური მშენებლობის თავიდან აცილება ერთ-ერთი პრიორიტეტია, როგორც ეკოლოგიური საფრთხეების ზონებში, ისე ურბანულ დასახლებებში.

  • მდგრადი და უსაფრთხო მშენებლობა

რისკის ზონებში არსებული შენობებისა და ინფრასტრუქტურა უნდა დაექვემდებაროს შესაბამის აუდიტს, ბუნებრივი კატასტროფების დროს მათი მოწყვლადობის შესამცირებლად.  სამშენებლო მასალების ხარისხის სათანადო სტანდარტების რეალური დანერგვა აუცილებელია სტიქიური მოვლენების დროს ზიანის შესამცირებლად არა მხოლოდ მომეტებული ბუნებრივი რისკებისა და საფრთხეების ზონებში, არამედ ეროვნულ დონეზეც.

IV. საგანგებო მზადყოფნა და რეაგირება
  • წინასწარი შეტყობინებების სისტემისა და გადაუდებელი რეაგირების გეგმების შედგენა

ყველა თემს უნდა ჰქონდეს განახლებული ევაკუაციისა და რეაგირების გეგმა, რომელიც შემუშავდება ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ეკოლოგიური საფრთხეების მართვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად.

  • მუნიციპალიტეტების „უსაფრთხოების პასპორტები“

ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს ყოველწლიურად განახლებადი „უსაფრთხოების პასპორტები“, რომლებშიც  განსაზღვრული იქნება საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის რისკის დონე და მოსალოდნელი შედეგები, და ის ძალიასხმევა, რაც მუნიციპალიტეტმა უნდა გასწიოს როგორც კატასტროფების პრევენციისთვის, ასევე მასზე რეაგირებისთვის. პასპორტს თან უნდა ერთვოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პოტენციური რისკის ზონების რუკა.

  • სავარჯიშოები და სიმულაციები

ადგილობრივი თვითმმართველობები და განათლების სამინისტრო უნდა ხელმძღვანელობდნენ რეგულარულ წვრთნებისა და სიმულაციების ორგანიზებას სკოლებში, კურორტებსა და ბუნებრივი რისკების მქონე დასახლებებში.

  • საგანგებო მარაგები

საკვები, წყალი, მედიკამენტები, გენერატორები და საკომუნიკაციო საშუალებები სავალდებულო წესით იქნება განლაგებული ბუნებრივი რისკების ზონებთან ახლოს, სწრაფი რეაგირებისთვის.

  • მაშველთა მომზადება და მუდმივი გადამზადება, (მოხალისეთა ჯგუფების მართვა (ან მოხალისე მაშველთა სისტემის შექმნა)

ადგილობრივი სამაშველო ჯგუფების გაწვრთნა და აღჭურვა მოხდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით, ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ერთად.

V. საზოგადოებრივი ცნობიერება და განათლება
  • სასკოლო განათლება

აუცილებელია განათლების სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების თანამშრომლობა გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და ბავშვებისთვის კატასტროფებზე რეაგირების სწავლებისთვის. ბუნებათმცოდნეობისა და ფიზიკური ჯანმრთელობის/სპორტის სასწავლო პროგრამები, განსაკუთრებით მომეტებული ბუნებრივი რისკების ზონებში, უნდა ითვალისწინებდნენ ადგილობრივ რეალობას და მოსწავლეებს სათანადო განათლებას და შესაბამის ინფორმაციას აწვდიდნენ.

  • საზოგადოებრივი მაუწყებელი და თანამშრომლობა მედიასთან

საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიაში უნდა განისაზღვროს ბუნებრივ რისკებსა და საფრთხეებზე ცნობიერების ამაღლება. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს დამოუკიდებელ მედიას ფართოდ გააშუქოს ასეთი რისკები და ამით, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და კორპორაციული სოციალური პასუხისმგელობის განვითარებას შეუწყოს ხელი.

  • ტურისტული გაფრთხილებები და მობილური აპლიკაციები

მნიშვნელოვანია გამაფრთხილებელი ნიშნების, საინფორმაციო დაფების და ციფრული შეტყობინებების სისტემის არსებობა, ამინდის საჯარო გაფრთხილებები და ევაკუაციის რუკები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ადგილობრივ თვითმმართველობებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობით  შეიქმნება ადგილობრივი შეტყობინების პლატფორმები – ბზარების, მეწყრების, ზვავების, ჩახერგილი გზების შესახებ.

VI. საპრევენციო ღონისძიებები და ზიანის აღდგენა

ბუნებრივი კატასტროფების მართვის დღევანდელი სისტემა ორიენტირებულია სტიქიის შედეგებზე, ხოლო პრევენციული ღონისძიებების აბსოლუტურ უმრავლესობას ვიწრო გეოგრაფიული დაფარვა აქვს. ტყეების გაშენება, ფერდობების გამაგრებისა და წყლის შთანთქმის ღონისძიებების რეგულარული განხორციელება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მნიშვნელოვან ამოცანას უნდა წარმოადგენდეს. მდინარეთა მართვა – კალაპოტების გაწმენდა და დინების კონტროლი სათანადოდ უნდა ხორციელდებოდეს ადგილობრივი და ცენტალური ხელისუფლებების მჭიდრო კოორდინაციით. მდინარეთა სააუზო მართვის გეგმები უნდა ითვალისწინებდეს წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების საწინააღმდეგო ღონისძიებებს.

,