გასული წლის ბოლოს “თავისუფლების მოედანმა” დადო პირობა, რომ წარადგენდა გარდამავალი პერიოდის მმართველობის გეგმას, რომლის განხორციელებით, არალეგიტიმური და კორუმპირებული პოლიტიკოსების მიერ შექმნილი უსამართლო სისტემის ნაცვლად, სწრაფად დავამკვიდრებთ სამართლიან და დემოკრატიულ წესრიგს.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება “თავისუფლების მოედნის” გარდამავალი პერიოდის გეგმა. ის გულისხმობს არა მხოლოდ კანონების გაუქმებას, არამედ დემოკრატიული ინსტიტუტების გაჯანსაღებას, სადაც ძალოვანი უწყებები ემსახურებიან სახელმწიფოს და არა პარტიას, სასამართლო სისტემა თავისუფლდება კლანური მმართველობისგან და მოქალაქის დამცველი ხდება, საარჩევნო სისტემა ხალხის ნების პარლამენტში ასახვას უწყობს ხელს, პარტიული სტრუქტურებისგან გათავისუფლებული საჯარო სამსახურები დაუბრუნდება ხალხის მსახურებას მათი პრობლემების გადასაჭრელად. სამოქალაქო საზოგადოების აღდგენით, მედია გარემოს გაუმჯობესებით, რეალური თვითმმართველობის საფუძვლების შექმნით, ძალაუფლების გადანაწილებით და ხელისუფლების დაბალანსებით, ქვეყანა დაუბრუნდება განვითარების სწორ გზას, საზოგადოება დაამარცხებს პოლარიზაციას და ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს.
გარდამავალი პერიოდი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
❖ კონკრეტულ ნაბიჯებს სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად
❖ პირველი 100 დღის გეგმას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ
❖ კონსტიტუციური წესრიგის, სამართლიანობისა და ინსტიტუციური გაძლიერების გზას
სოციალური საკითხები
სოციალური კანონმდებლობის, უფლებების და სოციალური უსაფრთხოების განვითარებაზე ზრუნვა ყველა განვითარებული ევროპული ქვეყნის უახლესი ისტორიის უცვლელი ნაწილია. საქართველოში უამრავი სოციალური პრობლემაა და თუ მათ აღმოფხვრაზე მუშაობა მყისიერად არ დაიწყო, სახელმწიფო შესაძლებელია კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს.
გადაუდებელად მნიშვნელოვანია ისეთი კანონპროექტების შექმნა, რომელებიც მოქალაქეებში ნამდვილი (და არა მოჩვენებითი) სტაბილურობის განცდას გააჩენს, შექმნის მყარი მომავალის პერსპექტივას და ადამიანებს შრომის საშუალებას შფოთვის გარეშე მისცემს. ასეთი უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განცდა ყველაზე მეტად აკლია დღევანდელი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
პირველ ეტაპზე, ამისათვის აუცილებელია:
❖ სოციალური შემწეობის ინდექსის კანონის მიღება, რომელიც სავალდებულოს გახდის სოციალური შემწეობის ოდენობის მიბმას წლიური ინფლაციის მაჩვენებელთან. ეს დაიცავს მოქალაქეებს ფასების ზრდისგან და მინიმუმამდე დაიყვანს პოლიტიკურ მანიპულაციებს;
❖ ბავშვთა სოციალური დაცვის აქტის მიღება, რომელიც, ბავშვთა სიღარიბის კატასტროფულად მაღალი დონის გათვალისწინებით, მკვეთრად გაზრდის ბავშვისთვის განკუთვნილი შემწეობის გარანტირებულ მინიმალურ ოდენობას;
❖ კანონი, „უსაფრთხო შრომის შესახებ,“ რომელიც გააფართოებს შრომის ინსპექციის მანდატს და უზრუნველყოფს ინსპექციისთვის დაუბრკოლებელ წვდომას ყველა სამუშაო ადგილზე, უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგისთვის;
❖ საბინაო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ საპარლამენტო რეზოლუცის დამტკიცება, რომელიც საბინაო პოლიტიკის პრობლემებს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის.
განათლება
იმისთვის, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სფერო გათავისუფლდეს პოლიტიკური კონტროლისგან. ამისთვის, ერთი მხრივ, სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელებსა თუ საგანმანათლებლო სფეროს სხვა წარმომადგენლებს უნდა შეეზღუდოთ მმართველი პარტიის სასარგებლოდ აქტივიზმი და ხმების რეკრუტირება, მეორე მხრივ, პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროგრამების განხილვაში: დადიოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის შეკრებებზე, განიხილავდნენ საარჩევნო პროგრამებს. გარდა ამისა, აღნიშნული შეხვედრების ჩასატარებლად სკოლები, უნივერსტეტები, ბაღები უნდა გაიხსნას შეხვედრების გასამართად. არასასწავლო და არასამუშაო დროს, პოლიტიკურ პარტიებს უნდა შეეძლოთ, აქ წარადგინონ საკუთარი პროგრამები.
პირველი 100 დღის განმავლობაში, საგანმანათლებლო სფეროში სამი რამ უნდა გაკეთდეს:
- გადაუდებელი პრობლემების აღმოფხვრა — სკოლების მშენებლობის დასრულებისა და რემონტების გეგმის განსაზღვრა;
- ზიანის ანაზღაურება, რომელიც “ქართული ოცნების” პოლიტიკამ განათლების სფეროში გამოიწვია — რეპრესიული კანონის გაუქმება, კომისიის შექმნა დაზარალებული ადამიანებისა და ორგანიზაციების შესასწავლად, შესაბამისი კომპენსაციების დასაწესებლად და ადამინის უფლებების აღსადგენად. ორგანიზაციებს უნდა დაუბრუნდეთ წართმეული ქონება;
- დაზიანებული საერთაშორისო ურთიერთობების აღდგენა — დასავლეთის საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის დაუყოვნებლივი განახლება, მათ შორის ქართველი სტუდენტებისთვის ევროპული განათლების მიღების შესაძლებლობით;
- პრევენციული სისტემის შექმნა, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამეორების თავიდან ასარიდებლად — განათლების სამინისტროში შეიქმნება საზედამხედველო საბჭო, რომელიც სამინისტროს მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს შეისწავლის (მაგალითად, როგორიც არის განათლების რეფორმა). გარდა ამისა, შეიქმნება ქცევის კოდექსიც, რომელიც განსაზღვრავს განათლების სისტემის თანამშრომლების პოლიტიკაში ჩართვის წესებს და საგანმანათლებლო რესურსების (სახელმძღვანელოები, საგანმანათლებლო სივრცეების ინფრასტრუქტურა და სხვ.) შექმნისა და მართვის პრინციპებს.
სამოქალაქო საზოგადოება და მედიის თავისუფლება
თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს თავისუფალი არჩევნები. დღეს ჟურნალისტებს თავს ესხმიან, ზღუდავენ მათ საქმიანობას და ფინანსური დამოუკიდებლობის შესაძლებლობას, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი, პოლიტიკური კონტროლით იმართება.
I ეტაპი: არჩევნების ჩანიშვნიდან ჩატარებამდე პირველი რიგის ამოცანაა საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება:
❖ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გამოვიდეს პოლიტიკური კონტროლიდან, ეთერი უნდა გაიხსნას ჟურნალისტური გამოძიებისა და დებატებისთვის ყველა პოლიტიკური აქტორისთვის. ჟურნალისტებს უნდა მიეცეთ ადმინისტრაციულ შენობებში თავისუფლად მუშაობის გარანტია.
II ეტაპი: პირველი 100 დღე არჩევნების შემდეგ:
❖ არჩევნებიდან 100 დღეში მედია გარემო საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს:
❖ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი განისაზღვრება არა ერთი, არამედ 4-5-წლიანი პერიოდისთვის;
❖ გამკაცრდება საკანონმდებლო სანქციები ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის. სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლს დაემატება დამამძიმებელი გარემოებები;
სამართლიანი არჩევნები
საარჩევნო სისტემის სრულფასოვანი დემოკრატიზაცია ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ არსებობს სწრაფი ნაბიჯები დემოკრატიის მინიმალური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. გარდამავალი პერიოდის გეგმა საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად სწორედ ასეთ ცვლილებებს მოიცავს:
- საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დაკომპლექტება მაღალი კონსენსუსითა და გამჭვირვალე პროცესებით;
- ხმის მიცემის ფარულობის დაცვა და ელექტრონული სისტემების აუდიტის პროცესში ოპოზიციისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართვა;
- პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა;
- საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიის დაკომპლექტება, რომელიც განიხილავს სააარჩევნო დავებს;
- მილიონამდე ემიგრანტს დაუბრუნდეს საარჩევნო ხმის კონსტიტუციური უფლება და გაიხსნას მათთვის მეტი საარჩევნო უბანი — არანაკლებ 50 ამომრჩევლისთვის და არაუმეტეს 150 კმ-ის რადიუსში;
- შემდგომ პერიოდში განსახორციელებელი ძირეული რეფორმებით შესაძლებელი გახდეს ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის ელექტრონული შესაძლებლობები.
დროებითი სადამკვირვებლო საბჭოს შექმნა, რომლის ამოცანა იქნება:
- ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და პოლიტიკური დაფინანსების კონტროლი;
- პარტიებისთვის თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და სხვა მედიაზე;
- დეზინფორმაციული კამპანიების მონიტორინგი.
ეს არის ის საბაზისო საკითხები, რომელმაც ფორმალური არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და დაცულ პროცესად უნდა აქციოს.
მართლმსაჯულება და საკანონმდებლო ცვლილებები
საქართველოსთვის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლა ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი პირობაა, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებს, არამედ ღრმა სტრუქტურულ და ინსტიტუციურ გარდაქმნებს.
❖ ლუსტრაციის კანონის მიღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს — საჯარო სამსახურს უნდა ჩამოშორდნენ საბჭოთა თუ რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირები. ეს ნაბიჯი სისტემას ავტორიტარული ნარჩენებისგან გაათავისუფლებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს განამტკიცებს. ამ პროცესში ადამიანის უფლებები და სამართლებრივი გარანტიები სრულად უნდა იყოს დაცული;
❖ უნდა შეიქმნას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმების საბჭო — რომელიც რეგულარულად შეამოწმებს, რამდენად იცავენ მოსამართლეები პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს. კორუფციის რისკების გამორსარიცხად, საბჭო იმუშავებს გამჭვირვალე კრიტერიუმებით — შეისწავლის მოსამართლეების ქონებრივ დეკლარაციებსა და წარსულ საქმიანობას. შედეგად, ეს გააძლიერებს სასამართლოს დამოუკიდებლობას და საზოგადოებასაც მეტ ნდობას გაუჩენს;
❖ უნდა დაინერგოს მრავალომბუდსმენის სისტემა — ტრადიციული ომბუდსმენისგან განსხვავებით, ეს მოდელი გულისხმობს რამდენიმე სპეციალიზებულ ომბუდსმენს სხვადასხვა სფეროში. ასეთი მიდგომა ბევრად უფრო ეფექტიანს გახდის მოქალაქეთა უფლებების დაცვას კონკრეტულ სექტორებში. მთავარი პირობა ამ ინსტიტუტის სრული დამოუკიდებლობაა, რომ მან რეალურად შეძლოს თავისი უფლებამოსილების შესრულება;
❖ დაზარალებულთა რეაბილიტაცია და კომპენსაცია, უსამართლოდ დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერა და სამსახურებში აღდგენა — ეს არის არა მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის, არამედ სახელმწიფოს მიერ წარსული შეცდომების აღიარების აქტი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ეროვნულ დონეზე თანხმობის მიღწევას და საზოგადოებისთვის თავსმოხვეული პოლარიზაციის დასრულებას. პროცესი იქნება გამჭვირვალე და დაფუძნებული სპეციალური კომისიების მუშაობაზე, რათა აღდგეს სამართლიანობა და თავიდან ავიცილოთ მსგავსი დარღვევები;
❖ აღნიშნული რეფორმის წარმატების გარანტი დამოუკიდებელი ანტი-კორუფციულიბიუროს შექმნაა — რომელიც კორუფციის გამოძიებასა და პრევენციაზე იქნება პასუხისმგებელი. დემოკრატიული კონტროლისთვის ბიურო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე, ხოლო რეალური დამოუკიდებლობა და შესაბამისი რესურსები საშუალებას მისცემს, ეფექტიანად იბრძოლოს კორუფციის ყველა გამოვლინების წინააღმდეგ — მაღალ პოლიტიკურ თუ ადგილობრივ დონეზე.
ჩამოთვლილი რეფორმები თანხვედრაშია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან და წარმოადგენს ქვეყნის ევროინტეგრაციის უალტერნატივო პირობას. პარლამენტი, მოქალაქეების ხმისა და სურვილების დაცვის მაგივრად, „ძალადობრივი კანონშემოქმედების“ მანქანად იქცა. უახლოეს წარსულში მიღებული კანონმდებლობები, დაჩქარებული წესით, პარტიული ელიტის დასაცავად და ევროპული გზის გამიზნულად შესაფერხებლად შეიქმნა.
გარდამავალი გეგმის მიზანია სისტემის ფუნდამენტური გადატვირთვა:
- გაუქმდება „რუსული კანონი“ და საგრანტო შეზღუდვები;
- გაუქმდება ე.წ. „ცენზურის კანონი“, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას;
- დასრულდება პოლიციის მიერ მანიფესტანტების დევნა;
- გაუქმდება „ოფშორული შეღავათები“, რათა ამოქმედდეს ევროპული ფინანსური წესები;
- ჩამოიწერება ყველა ჯარიმა, რომელიც მშვიდობიან აქციებზე დააწესეს;
- შეიქმნება მექანიზმი, რომ პოლიტიკური ნიშნით დათხოვნილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგნენ და მიიღონ კომპენსაცია;
- საჯარო სამსახური და კანონი აღარ იქნება პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი.
ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია
ძალოვანი უწყებები სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის არსებობს და არა პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ეს მათი ეფექტიანი მუშაობის მთავარი საფუძველია. შესაბამისად, გარდამავალი პერიოდის გეგმის მიხედვით აუცილებელია:
- გენერალური ინსპექტორის თანამდებობისა და გენერალური ინსპექტორის ეროვნული სამსხურის შექმნა ძალოვანი უწყებების საქმიანობაზე პოლიტიკური ჩარევისგან დაცვისათვის, მათ შორის ოპოზიციის მონაწილეობის გზით;
- დაზვერვის სამსახურის დამოუკიდებელ უწყებად აღდგენა;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) უფროსის დანიშვნისა და გათავისუფლების ცვლილება პარტიული კონტროლის გამოსარიცხად;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საგამოძიებო ფუნქციების ჩამოცილება და მისთვის მხოლოდ მხოლოდ კონტრდაზვერვის ფუნქციის შენარჩუნება;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ოპერატიულ-ტენიკური სააგენტოს გამოყოფა (მიყურადების კომპეტენციით), რომელიც ანგარიშვალდებული გახდება პარლამენტთან;
- სუსის დეპარტამენტებს შორის დუბლირების აღმოფხვრა;
- ძალოვანი სტრუქტურების მუშაობისთვის საჭირო სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების შექმნა.
უსაფრთხოება და მშვიდობის დაცვა
ცენტრალური ხელისუფლება ვალდებულია მთელი ქვეყნის უსაფრთხოებაზე იზრუნოს. გარდამავალი გეგმა მოიცავს ურთიერთობების აღდგენას საუკუნეების წინ არჩეული დასავლური საგარეო პოლიტიკური ვექტორის დასაბრუნებლად:
- მივიღებთ ეროვნული უსაფერთხოების ახალ კონცეფციას რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით;
- დავამტკიცებთ თავდაცვის ახალ ეროვნული სტრატეგიას რუსეთ-უკრაინის, ყარაბაღის და სხვა თანამედროვე ომების გამოცდილების გათვალისწინებით;
- მივიღებთ საფრთხეების შეფასების ახალი დოკუმენტს;
- დამტკიცდება თავდაცვის მინისტრის განახლებული ხედვა;
- თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-სთან მიმართებით დაუბრუნდება 2%-ს, ხოლო სამი წლის პერსპექტივაში გაუტოლდება ნატო-ს ახალ მოთხოვნას — 5%-ს.
უსაფრთხოება ვერ იქნება რეალური, თუ ის მიმართულია საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ზემოთ აღნიშნულის მისაღწევად პირველ რიგში ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზაცია გვჭირდება.
თვითმმართველობა
ძალაუფლება უნდა ეკუთვნოდეს ხალხს. ეს არის “თავისუფლების მოედნის” კონკრეტული პირობა. საზოგადოებას უნდა შეეძლოს თავად და ადგილობრივად გადაწყვიტოს ის საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც იქვეა შესაძლებელი. ძალაუფლების გადანაწილება და ხალხისათვის დაბრუნება კი საუკეთესო გზაა, როგორც მმართველობის გასაუმჯობესებლად, ისე მომავალში ავტორიტარიზმისგან თავის დასაცავად.
გარდამავალი გეგმის მიხედვით, შემდეგ კონკრეტულ ნაბიჯებს ვგეგმავთ:
❖ რეალური თვითმმართველობის დამკვიდრებას, საჯარო ფინანსების დეცენტრალიზების და ქონების გადაცემის გზით;
❖ გაუმჯობესებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ინიცირებას;
❖ მუნიციპალურ მოხელეთა გადამზადების პროგრამის შექმნას;
❖ სტუდენტებისა და ქალების სტაჟირების პროგრამების დანერგვას თვითმმართველობის ორგანოებში;
❖ ადგილობრივ მმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტის მინიმუმ 5%-ს თავად დაგეგმავს ადგილობრივი მოსახლეობა;
❖ სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმებას.
ქალაქი და რეგიონი უკეთ იცნობს საკუთარ საჭიროებებს, ჩვენ კი მათ მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას შევუწყობთ ხელს.
საერთაშორისო ურთიერთობები
საქართველოსთვის სწორი საგარეო პოლიტიკა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის შენარჩუნების მთავარი ინსტრუმენტია. ამიტომაც ხელისუფლების ცვლილების პირველი დღიდანვეა დასაწყები იმ ზიანის გამოსწორებს, რომელიც ამ ხელისუფლებამ ჩვენს უსაფრთხოებას მიაყენა.
გარდამავალ პერიოდში დავიწყებთ ამ ურთიერთობების მყისიერ აღდგენას: ევროკავშირთან მიმართებით:
- მთავრობა პრეზიდენტს წარუდგენს ინიციატივას მოქმედი ელჩების უფლებამოსილების ეტაპობრივად შეწყვეტისა და ახალი ელჩების დანიშვნის შესახებ;
- ევროკავშირთან მიმართებით, პირველივე დღიდან დაიწყება ევროკომისიის 2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ცხრა რეკომენდაციის შესრულება. დაიწყება მუშაობა, რომ საქართველომ დაიბრუნოს უფლება, ისარგებლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მხარდაჭერისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსით, რომელიც მიზნობრივად მოხმარდება ევროკომისიის 9 რეკომენდაციის აღსრულებას;
- გაძლიერდება ანტიდასავლური ნარატივების წინააღმდეგ წინააღმდეგ ბრძოლა, რომლისთვისაც გამოვლინდება და შეიზღუდება რუსული დეზინფორმაციის ქსელები და აღდგება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი;
- დაიწყება მუშაობა ევროპულ სახელმწიფოებთან უკიდურესად დაზიანებული ორმხრივი ურთიერთობების აღსადგენად;
- აღდგება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მუშაობა;
- ევროინტეგრაციის პროცესის ეფექტიანი მართვისთვის აღდგება “ოცნების” მიერ გაუქმებულ ევროინტერგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც, ასევე, იქნება პირველი ვიცე-პრემიერი და გაუძღვება ევროკავშირში ინტერგრაცისთვის საჭირო საქმიანობას;
- საქართველოს მთავრობა მიიღებს პროაქტიულ ზომებს, რათა ჩვენი ტერიტორია არ გამოიყენონ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლის საშუალებად და მოხდება ამ ზომების მკაფიო დემონსტრირება.
ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენის პარალელურად, პირველივე ეტაპზე:
❖ დაიწყება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ჰარმონიაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან — უპირობო პრიორიტეტი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება გახდება;
❖ უზრუნველყოფილი იქნება მხარდაჭერა არჩევნების თანასწორ გარემოში ჩასატარებლად;
❖ თითოეული დიპლომატი და საჯარო მოხელე, რომელმაც სამართლიანი პროტესტის გამო დატოვა თანამდებობა ან უსამართლოდ გათავისუფლდა, დაბრუნდება საკუთარი ქვეყნის სამსახურში.
არჩევნების შემდეგ პირველი 100 დღის განმავლობაში:
❖ ვიზრუნებთ ნატოსთან ყოველწლიური ეროვნული გეგმისა და არსებითი პაკეტის ინიციატივების დაუყოვნებლივ აღდგენაზე;
❖ დაიწყება ინტენსიური მუშაობა ნატო-ს წევრ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში შეჩერებული თანამშრომლობის პროგრამების აღსადგენად;
❖ განსაკუთრებული პრიორიტეტი — ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეჩერებული თანამშრომლობის ყველა ასპექტის დაუყოვნებელი აღდგენა;
ამ ზომების მიღებით, საქართველო შეძლებს დაიბრუნოს ევროატლანტიკურ სივრცის გასაღების ფუნქციას მთელი რეგიონისთვის და უკეთ შეძლებს რუსეთის საფრთხის დარეგულირებას. ქვეყნის რეალური უსაფრთხოება და შესაბამისად მშვიდობა მტრის მოწყალებასა და კეთილ ნებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.
ზემოთ აღნიშნული ნაბიჯებით, მოჩვენებითი მშვიდობიანობის ნაცვლად, საფუძველი ჩაეწყრება ხელშესახებ გარანტიებზე დაფუძნებულ ეროვნულ უსაფრთხოებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის რეალურ მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას განაპირობებს.
გონივრული და ყველასათვის სასარგებლო ცვლილებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორება, არამედ მმართველობის ნათელი, რეალისტური და ეფექტიანი გეგმა.
ამ გეგმის განხორციელებით, “თავისუფლების მოედანი” უზრუნველყოფს ქვეყნის მყისიერ დაბრუნებას კონსტიტუციურ და სამართლებრივ სივრცეში და პირველივე შესაძლებლობისთანავე მოკლე პერიოდში აღმოფხვრის „ქართული ოცნების” მიერ შექმნილი რეპრესიული აპარატის საფუძვლებს. “თავისუფლების მოედანი” შეიქმნა პოლიტიკის ხალხისაკენ შემოსაბრუნებლად და ხალხის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩასაბმელად — ისეთი სახელმწიფოს შესაქმნელად, რომელიც ყველასათვის თანაბრად იმუშავებს. ჩვენ ამ ამოცანას ცოდნითა და გამოცდილებით გადავჭრით: ვიცით, თუ როგორ უნდა შევცვალოთ საქართველო და გვჯერა, რომ საქმით და რწმენით შევძლებთ, ყველას ცხოვრება უკეთესი გავხადოთ.
