დემოკრატიული წინააღმდეგობის ახალი ეტაპი – „თავისუფლების მოედნის“ 10-პუნქტიანი გეგმა


„თავისუფლების მოედნის“ გეგმა ორ საყრდენზე დგას: ერთი მხრივ, ხალხთან და საზოგადოებასთან მუშაობა, მეორე მხრივ კი საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაცია და დემოკრატიული ზეწოლის გაძლიერება.

ჩვენი გეგმის 10 მთავარი ნაბიჯი:

1.უახლოესი თვეების განმავლობაში თანამებრძოლებთან და თანამოაზრეებთან ერთად ვიწყებთ თბილისის სხვადასხვა უბნისა და მთელი საქართველოს შემოვლას. კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანთ სიმართლეს და ხელს შევუწყობთ საუბნო და სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებას – ყველგან, სადაც მოქალაქეები გადაწყვეტენ ბრძოლას წართმეული სახელმწიფოს დასაბრუნებლად;

2.ჩვენი რწმენისა და შესაძლებლობების დასტურად, რომ შეგვიძლია რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება, წლის ბოლოს, ხალხთან ერთად ჩავატარებთ მრავალრიცხოვან სამოქალაქო, დემოკრატიულ ყრილობას, სადაც მთელი ქვეყნიდან შეკრებილ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავამტკიცებთ ბრძოლის შემდგომ გეგმას, „თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის” და ერთად მივიღებთ ყველა სხვა პრინციპულ და აუცილებელ გადაწყვეტილებას შემდეგ ნაბიჯებზე;

3.უახლოეს 30 დღეში წარმოვადგენთ „თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის” – ნათელ და კონკრეტულ ხედვას ავტორიტარიზმიდან დემოკრატიისკენ გარდამავალი ეტაპისთვის, რათა დავარწმუნოთ თანამოქალაქეები და ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, რომ არსებობს ივანიშვილის პარტიის მიერ ქვეყნის ძარცვის გეგმაზე უკეთესი პოლიტიკური ალტერნატივა;

4.უახლოეს 30 დღეში ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას (რომელიც ივანიშვილის პარტიას 2011 წლის შემდეგაც კი არ განუახლებია) და საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო სამშვიდობო გეგმას. ეს არ იქნება მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი გეგმები – მათ უკან იდგება „თავისუფლების მოედნის” სანდო და პატრიოტ პროფესიონალთა გუნდი;

5. უახლოესი დღეების განმავლობაში ეტაპობრივად წარმოგიდგენთ „თავისუფლების მოედნის” წევრებსა და პროფესიონალებს რომლებიც, ჩვენი რწმენით, სათავეში უნდა ჩაუდგნენ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებს: თავდაცვასა და განათლებაში, ჯანდაცვასა და კულტურაში, საერთაშორისო დიპლომატიასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევაში, კულტურის პოლიტიკაში და სხვა უმნიშვნელოვანეს სფეროებში;

6. იმისათვის, რომ შევასრულოთ ჩვენ მიერ საზოგადოებასთან დადებული პირობები და გავაძლიეროთ ნდობა ჩვენ მიმართ, ვიწყებთ საჯარო კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად ლუსტრაციის კანონპროექტის მხარდასაჭერად. აუცილებელია, რომ მისი მიღება ვეღარავინ დააყენოს ეჭვის ქვეშ მომავალ პარლამენტში;

7. საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად საზღვარგარეთ მაცხოვრებელი ქართველების დიასპორებსა და მეგობრებთან ერთად დავაარსებთ „დემოკრატიის ეროვნულ ფონდს” და ვიწყებთ მისთვის ფინანსების მოძიების კამპანიას, რათა დავეხმაროთ პოლიტპატიმრებს, დემოკრატიულ მოძრაობებსა და სამოქალაქო აქტივისტებს;

8. „ქართულ ოცნებაზე” საერთაშორისო ზეწოლის გასაზრდელად და დემოკრატიული ბრძოლის გასაძლიერებლად საჭიროდ მივიჩნევთ საერთო ძალისხმევის უკეთეს კოორდინაციას. ამ მიზნით, ჩვენს კოლეგებს სხვა პოლიტიკური პარტიებიდან, ისევე როგორც საქართველოს მეხუთე და მეოთხე პრეზიდენტებს, ჩვენს გამორჩეულ ყოფილ დიპლომატებსა და ყოფილ საჯარო მოხელეებს, რომლებიც მათი ღირსეული პოზიციის გამო გაათავისუფლეს სამსახურებიდან, ვთავაზობთ „საგარეო პოლიტიკის საბჭოს” შექმნას, რათა კოორდინირებულად და რესურსების ეფექტური განაწილებით ვიმუშაოთ საერთაშორისო არენაზე;

9. იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა დემოკრატიის გადარჩენისათვის ბრძოლაში, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად დავაარსებთ მუდმივმოქმედ საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში შექმნილი კრიზისის თაობაზე, სადაც უმაღლეს დონეზე, რეგულარულად იქნება საქართველოს საკითხები განხილული. ამისათვის, გამოვიყენებთ ჩვენ მიერ წლებით დაგროვილ პოლიტიკურ და დიპლომატიურ კონტაქტებს ევროპის ყველა დედაქალაქსა და შეერთებულ შტატებში;

10. გამჭვირვალობის, საჯაროობისა და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტის დასანერგად და ამ პოლიტიკური პროცესისადმი ნდობის გასაძლიერებლად, დღეიდან და შემდეგი ორი თვის განმავლობაში, ყოველ სამშაბათს, 21:00 საათზე პარლამენტის წინ გავმართავთ „თავისუფლების მოედნის” შეხვედრებს დემოკრატიულ წინააღმდეგობაში ჩართულ მოქალაქეებთან: გავაცნობთ ჩვენს ხედვებსა და პოზიციებს, ჩავაბარებთ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, მოვისმენთ მათ რჩევებს და საჭიროების შემთხვევაში, მოვისმენთ გარდაუვალ კრიტიკასაც.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *