სახელმწიფო თავდაცვა:„თავისუფლების მოედნის“ პროგრამული ხედვა


არსებული პრობლემები: სტრატეგიული და ინსტიტუციური დონე:

  • ქვეყნის თავდაცვის სისტემის მშენებლობა ვერ იქცა გრძელვადიანი პოლიტიკური კონსენსუსის საგნად. თავდაცვის მოდელის, მისი მატერიალური და ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ არასდროს ყოფილა ფართო საზოგადოებრივი დისკუსიები და გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბების მცდელობა. შესაბამისად, თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-თან მიმართებით ზრდის საკითხი არ წარმოადგენს ფართო კონსენსუსის საგანს და არ შეესაბამება საქართველოს უსაფრთხოების დაცვის საუკეთესო ინტერესებს. ის არ აკმაყოფილებს არც ნატოს სტანდარტს.
  • პრობლემად რჩება სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების არსებული პოსტ-საბჭოთა მოდელი, რომელიც ეფუძნება ოფიცერთა კონტროლს და არა თანამონაწილეობით მართვას. კონტროლის პრიმატის პირობებში, არ არსებობს ნდობა ოფიცერთა კლასსა და პოლიტიკოსებს შორის. შესაბამისად, პოლიტიკოსები თავდაცვის ძალებს მართავენ არა გენერალურ შტაბთან თანამშრომლობით, არამედ გენერალური ინსპექციის, სამხედრო პოლიციისა და სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტების მეშვეობით.
  • ეროვნული თავდაცვა არ შეიძლება იყოს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, მისი მინისტრის, გენერალური შტაბის საზრუნავი. მათ სჭირდებათ მოკავშირეები, როგორც პოლიტიკურ კლასში, ისე საზოგადოებაში. ამ მიზნით, გასაძლიერებელია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტებისა და თავდაცვის თემის (ანალიტიკური ორგანიზაციები, მედია, ექსპერტები, მოხალისეები) კავშირები.
  • „ქართულმა ოცნებამ“ თავდაცვის სისტემა შესაბამისი კონცეპტუალური ჩარჩოს გარეშე დატოვა. შესამუშავებელი და დასამტკიცებელია ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები და ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა.
  • მიუხედავად არსებული მექანიზმებისა, ვერ მოხერხდა კრიზისისა და ომის მართვის იმგვარი სისტემის შექმნა, რომელიც სისტემატურად მოახდენს გადაწყვეტილების მიმღებთა ტრენინგს, მათი სამეთაურო-საშტაბო ვარჯიშებისა და სხვადასხვა ტიპის სიმულაციურ სწავლებებში ჩართვის გზით.
  • ვერ გამოიძებნა ძალთა სტრუქტურის იმგვარი მოდელი, რომელიც პროფესიულ არმიასთან ერთად უზრუნველყოფდა „მოქალაქე უნიფორმაში“ მოდელის განხორციელებას. ამ მიზნით არსებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოდელი ვერ აღმოჩნდა ხიდი მოქალაქეებსა და თავდაცვის ძალებს შორის, მისი ობიექტური ნაკლოვანებების გამო.
  • ვერ ჩამოყალიბდა სამოქალაქო თავდაცვის (civil preparedness) სისტემა, რომელიც მოქალაქეთა ფიზიკური უსაფრთხოების ღონისძიებების გარდა, უნდა გულისხმობდეს მედეგობის გაუმჯობესებას.
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეწყვიტა არა მხოლოდ ნატოსთან პოლიტიკური დიალოგის, არამედ პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმები. უსაფრთხოების სფეროში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში, ნატო-სქართველოს არსებითი პაკეტის სხვადასხვა პროექტიდან დახმარებას წყვეტენ წამყვანი პარტნიორი სახელმწიფოები.
  • საქართველო რჩება შეკავების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმის, საერთაშორისო სწავლებების გარეშე, რაც არსებითად ასუსტებს, როგორც თავდაცვის მზადყოფნას, ისე თავდაცვის ძალების თავსებადობის მექანიზმებს პარტნიორ ქვეყნებთან.
  • „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, პირველად 2002 წლის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის ძალები რჩება უსაფრთხოების სფეროში ამერიკული დახმარების გარეშე. ეს ართულებს, როგორც სტრატეგიული დაგეგმვის, ისე ძალთა გენერაციის და წვრთნისა და აღჭურვის საკითხებს.

არსებული პრობლემები: უწყებრივი და ოპერატიული დონე

თავდაცვის ძალები:

  • ძალთა მზადყოფნის კრიტიკული დონე.
  • საბრძოლო კომპონენტის გარდა, აშკარაა, რომ დაკომპლექტება-აღჭურვის პრობლემა არსებობს, საბრძოლო მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის კომპონენტებშიც.
  • უკანასკნელი მსხვილი შესყიდვა უკავშირდება ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს. თუმცა, არსებული ოპერატიული მოთხოვნებისთვის ეს ყველაფერი მინიმუმია.
  • შეზღუდული რესურსების გამო ვერ ხდება ადაპტაცია ტექნოლოგიურ სიახლეებთან და ომის წარმოების ახალ კონცეფციებთან, რომლებიც თვალსაჩინოა უკრაინაში მიმდინარე ომში.
  • ვერ ჩამოყალიბდა მოდელი პროფესიული არმიისა და ძალთა გამაძლიერებლების – ტერიტორიული თავდაცვის ძალებისა და მოხალისეთა ორგანიზაციების, ურთიერთქმედებისა.
  • ოფიცერთა განათლება რჩება პრობლემად, როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით. კარიერის დაგეგმვის და მართვის მანკიერი სისტემა არის ნიჭიერ ოფიცერთა დემოტივირებისა და მათ მიერ თავდაცვის ძალების დატოვების მიზეზი.

არსებული პრობლემები: თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისი

  • თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისი ვერ ასრულებს სამოქალაქო კონტროლისა და სამინისტროს პოლიტიკური მართვისთვის საჭირო შესაბამისი ჩარჩოს ჩამოყალიბებას.
  • ამას დაემატა პოლიტიკური დევნა, პროფესიონალ საჯარო მოხელეთა შორის, რამაც კიდევ უფრო დაასუსტა სამინსიტროს ადამიანური შესაძლებლობები. ეს იმ ფონზე, როდესაც სამინისტროს სამოქალაქო ოფისში დასაქმებული ადამიანების რიცხვი ბოლო 10 წელიწადში გაორმაგდა და იქცა პოლიტიკური ნიშნით დასაქმების ერთ-ერთ ინსტრუმენტად. ეს ყოველივე იწვევს პროფესიონალი საჯარო მოხელეების დემოტივაციასა და ნეგატიურ სელექციას.
  • სამოქალაქო ოფისი გავლენას ვერ ახდენს თავდაცვის სისტემის გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე ეროვნულ დონეზე არსებული სუსტი მექანიზმების გამო.
  • სამოქალაქო ოფისი ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკისა და ინსტიტუციური რეფორმების განგრძობითობას.

დაუყოვნებლივ განსახორციელებელი კრიტიკული ღონისძიებები

ეროვნული დონე:

  • თავდაცვის მოდელზე, მისი რესურსებით უზრუნველყოფისა და განვითარების საკითხებზე ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევის მიზნით, საქართველოს პარლამენტში მუდმივმოქმედი კომისია შეიქმნება, რომელიც შეიმუშავებს პოლიტიკურ მითითებებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროსთვის ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებისთვის (შვედური თავდაცვის აქტის მოდელი). ამოსავალი წერტილი დისკუსიებისთვის – თავდაცვის ბიუჯეტი: მშპ-ის 3%, რომელიც 8 წლის განმავლობაში 5%-მდე გაიზრდება.
  • თავდაცვის ძალების ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, პარლამენტში კანონით განისაზღვრება თავდაცვის ძალების მეთაურის ანგარიშგების მექანიზმები.
  • ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირება: საბჭოს სამ-დონიანი მართვა – მინისტრების დონე, მოადგილეების დონე (მუდმივი სახელმწიფო მდივნები), მუდმივმოქმედი, შერეულად დაკომპლექტებული უწყებათშორისი კომიტეტები. საბჭოს მდივანი – დამოუკიდებელი ფიგურა.
  • კონცეპტუალური დოკუმენტების – ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, ეროვნული თავდაცვის სტრატეგია – ზემოხსენებულ ფორმატში შემუშავება. აგრეთვე, ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის დოკუმენტის შემუშავება.
  • კრიზისებისა და ომის მართვის ეროვნული სისტემის შემუშავება.
  • ნატოს ვარშავის სამიტის 2016 წლის მითითებების შესაბამისად, შეიქმნება სამოქალაქო მზადყოფნის (civil preparedness) სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების მედეგობას – იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს და სწრაფად აღიდგინოს ფუნქციონირება ბუნებრივი კატასტროფების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ჩავარდნის და ჰიბრიდული შეტევების შემთხვევაში.
  • საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში შეიქმნება მუდმივი სახელმწიფო მდივნის თანამდებობა. საუბარია მინისტრის მოადგილის რანგის საჯარო მოხელეზე, რომლის გათავისუფლება არ მოხდება ავტომატურად მინისტრის ცვლილებასთან ერთად. თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურებს და კრიტერიუმებს შეიმუშავებს პარლამენტი, ხოლო შერჩევა მოხდება სამოქალაქო ორგანიზაციების, პარლამენტის და პრეზიდენტის მეირ შექმნილი კომისიის მიერ.
  • საქართველო განაგრძობს ნატოში ინტეგრაციის შეჩერებულ პროცესს. ასევე აღადგენს თანამშრომლობას ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
  • მრავალმხრივი ფორმატების პარალელურად, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება ორმხრივ ურთიერთობებს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.
  • შეკავების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, დაიწყება დიალოგი პარტნიორებთან, პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მუდმივი სამხედრო ყოფნის უზრუნველსაყოფად, იქნება ეს ერთობლივი წვრთნები, მონაცვლეობითი ძალები (Rotational Force), თუ სამხედრო ბაზა.

უწყებრივი დონე/თავდაცვის ძალები:

  • თავდაცვის მზადყოფნის გაზრდის მიზნით, პროფესიული ქვედანაყოფების დაკომპლექტება, აღჭურვა და წვრთნა პარტნიორებთან ერთად.
  • შეიარაღების ახალი სისტემების გრძელვადიანი შესყიდვები. (ჰაერსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო, არტილერია, დრონები, დრონ-საწინააღმდეგო შესაძლებლობები).
  • განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვასა და ინტეგრირებას.
  • ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარება.
  • ტერიტორიული თავდაცვის ძალების შექმნა ეროვნული გვარდიის ბაზაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.
  • მოხალისეთა ორგანიზაციების ერთიან ოპერატიულ სურათში ინტეგრირება.
  • ოფიცერთა წვრთნა და განათლება: თავდაცვის აკადემიის რეფორმირება. უნდა გაიზარდოს უმაღლესდამთავრებული ოფიცრების თავდაცვის ძალებში რეკრუტირება, მაღალი ხარისხის ოფიცერთა კურსების უზრუნველყოფით.
  • ოფიცერთა კარიერული მართვის ახალი სისტემის დანერგვა.

უწყებრივი დონე/სამოქალაქო ოფისი:

  • მუდმივი სახელმწიფო მდივნის პოზიციის შემოღების შემდეგ, სამინისტროში სტრატეგიული მიმოხილვის პროცესის ჩატარება, სტრუქტურის, ფუნქციებისა და შესაბამისი რესურსის გონივრული ჰარმონიის მისაღწევად.
  • სამინისტროს სისტემაში, გენერალური ინსპექციის, სამხედრო პოლიციისა და სხვა მარეგულირებლების ნატოს სტანდარტების შესაბამისი ფუნქციების დაკისრება. “პოლიტიკური პოლიციის” როლისგან მათი საბოლოო გათავისუფლება.